logo
ENG



ხმაური "ბიჭვინთის" გარშემო - ბჟანიამ საზოგადოებასთან შეხვედრა დროზე ადრე დატოვა

21 ივლ 202214:44
3 წუთის საკითხავი
 

ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსახლეობას ხვდებოდა. ხმაურის გამო გულრიფშის რაიონის კულტურის სახლში შეხვედრა ნაადრევად დასრულდა.

აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი მოსახლეობის კითხვებს სცემდა პასუხს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი რუსეთისთვის ე.წ. სახელმწიფო აგარაკ "ბიჭვინთის" გადაცემა იყო.

დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ადგილზე ოპოზიცია ჩავიდა. ეხო კავკაზას ინფორმაციით, ჯერ კიდევ ღონისძიების დაწყებამდე ოპოზიციის შეშვება შენობაში არ სურდათ.

გამოცემის ინფორმაციით, "ბიჭვინთასთან" დაკავშირებით კითხვა დასვა აქტივისტმა, ჯანსუღ ბჟანიამ. დე ფაქტო ლიდერმა კი პასუხის გაცემა დაიწყო სიტყვებით: "მისმინე, ჩემი პატივისცემით ბოროტად არ ისარგებლო... კეთილი ინებე, შენს ადგილას დაჯექი".

ბჟანიას პასუხს სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა, რის შემდეგაც მოქალაქეები ადგილებიდან წამოხტნენ და ფიზიკური დაპირისპირების ეპიზოდები შეიქმნა.

ასლან ბჟანიამ დარბაზი დატოვა და მას დამსწრეების ნაწილიც გაჰყვა.

თვითმხილველების თქმით, ქუჩაში ძალოვნები ოპოზიციის წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ.

შეხვედრაზე ასლან ბჟანია ცდილობდა, განემარტა, რატომ გადასცემდა საოკუპაციო რეჟიმი აგარაკ "ბიჭვინთას" რუსეთს. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ე.წ. სახელმწიფო აგარაკის გადაცემაზე საკითხი რამდენჯერმე დაისვა. მისი მტკიცებით, ობიექტის საზღვრები არ შეიცვლება.

"2020 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ეს საკითხი დაისვა, ტაქტიანი სახით: "პატივცემულო, ასლან, გეორგიევიჩ, ჩვენ არაერთხელ მიგვიმართავ აფხაზეთის ხელისუფლებისთვის, რათა კომპლექსი - შენობები და ნაგებობები - საკუთრებაში გადმოგვეცეს. ჩვენ ვაპირებთ, კაპიტალური რემონტი ჩავატაროთ იმისთვის, რათა ამ ობიექტმა იმუშაოს, როგორც რუსეთის პრეზიდენტის სრულფასოვანმა რეზიდენციამ".

ამ შეხვედრის შემდეგ ორი თუ სამი დღის განმავლობაში შევკრიბე პარლამენტის მაშინდელი შემადგენლობა და ინფორმაცია მივაწოდე. რა თქმა უნდა, ვთქვი იმის შესახებ, რომ აფხაზური მხარე ყველაფერს გაკეთდა იმისათვის, რომ ეს საკითხი მოგვარებულიყო. რეალურად, შენობებსა და ნაგებობებს და არა მიწას, როგორც ამას ამბობს ზოგიერთი ოპონენტი, რუსულ მხარეს გადავცემთ და მიმაჩნია, რომ ეს სწორია. ამ ობიექტს ჩვენ გადავცემთ არა ბიზნეს-სტრუქტურას, არა შემთხვევით ადამიანებს, ჩვენ მას გადავცემთ ხელმძღვანელს, რომელმაც ბევრი გააკეთა აფხაზეთისთვის. სწორედ მისი მოსვლის შემდეგ შეიცვალა რუსეთის დამოკიდებულება აფხაზეთის მიმართ", - თქვა ბჟანიამ შეხვედრაზე.

2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც,  სამთავრობო აგარაკი "ბიჭვინთა" რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა.

ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა.

დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს. 

 


close დახურვა